საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეფასება ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.

27 თებერვალი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დადებითად აფასებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან მუშაობის განახლებას და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტურად გამოძიების კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.

 

ამასთან, კანონპროექტის სრულყოფისა და ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზნით, ადვოკატთა ასოციაცია  წარმოადგენს  მოსაზრებებს, სადაც მოცემულია იმ მუხლების ანალიზი, რომლებიც  დამატებით რევიზიას საჭიროებენ.

 

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სამსახური უფლებამოსილი იქნება, გამოძიება აწარმოოს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით; ჩვენების მიცემის იძულება და სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილი სხვა ნებისმიერი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ. კანონპროექტის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება  - “სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა ან მოსამსახურისა) მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების  იზოლატორში ან  პენიტენციურ დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვა მხრივ იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ”. მითითებული მუხლის ამგვარი ფორმულირება იწვევს გარკვეულ გაუგებრობას და საჭიროებს დაზუსტებას, მით უმეტეს, რომ გამოძიების დაწყების დროისთვის ხშირად ეს გარემოებები გამოკვეთილი არ არის. შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა გამოძიების დაწყებისთანავე.

 

ამასთან, აღნიშნული რეგულაციით, სახემწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციის მიღმა რჩება ისეთი კატეგორიის დანაშაულები, რომელიც მართალია ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, მაგრამ არ არის დაკავშირებული, ძალადობასთან ან დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობასთან, თუმცა თავისი შინაარსით წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებას, მაგალითად ნარკოტიკული საშუალების ან ცეცხლსასროლი იარაღის ჩადების ფაქტები, რომელზეც ბოლო პერიოდში ხშირად გაისმის ბრალდებები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

 

ასევე პრობლემურია კანონპროექტის 29-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება 2019 წლის 1 იანვრიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე. სასურველია, რომ ამ უწყების კომპეტენცია ასევე გავრცელდეს მანამდე ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, რომელზეც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის, რითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ასევე იმ საქმეთა ეფექტიან და სრულყოფილ გამოძიებას, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ნეგატიური მოსაზრებები.

 

აგრეთვე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, რომლის ძირითადი ფუნქცია პერსონალური მონაცემების დაცვაა. შესაბამისად, საკამათოა და არც კანონპროექტი შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, რამდენად შეუძლია ერთ უწყებას ერთდროულად განახორციელოს ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - პერსონალურ მონაცემთა დაცვა და გამოძიება, მით უმეტეს, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული პერსონალური მონაცემის დაცვის მოვალეობა კვლავ იმავე უწყების კომპეტენციაში რჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით რჩება ეჭვი, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ იქნება მაკოტროლებელი და დამოუკიდებელი თავისი საქმიანობის განხორციელებაში, სულ მცირე თავის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ და შესაძლოა პროკურატურის მხრიდან პერსონალური მონაცემის დაცვის ფუნქციების განხორციელებაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, უფრო გონივრულად მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო უწყება შეიქმნას ცალკე უწყების სახით, მოქნილი და მცირე ბიუროკრატიული აპარატით, რაც არ იქნება დაკავშირებული დიდ საბიუჯეტო სახსრებთან. მით უმეტეს, რომ გარკვეული საბიუჯეტო ხარჯების გაღება აღნიშნული კანონპროექტითაც ხდება აუცილებელი, გამომძიებლების და მათი დამხმარე პერსონალის დაქირავების, სამუშაო პირობების შექმნისა და სოციალური გარანტიების კუთხით.  





აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი